რატომ

რატომ უჩნდებათ ადამიანებს სიმსივნე? რატომ ხდება მიწისძვრები, რომლებიც ხანდახან მთლიან ქალაქებს ასწორებენ მიწასთან? რატომ არის, რომ ადამიანები წელზე ფეხს იდგამენ იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახის შესანახი და გამოსაკვები ფული იშოვონ?

გულის სიღრმეში, ჩვენ ალბათ ხშირად ვუსვამთ საკუთარ თავს მსგავს კითხვებს. თუმცა გაცნობიერებულად ჩვენ იშვიათად ვაკეთებთ რამეს. იმდენად დაკავებულები ვართ მიმდინარე საქმეებით, რომ იშვიათად ვჩერდებით და ვკითხულობთ რატომ?

მაგრამ შემდეგ ხდება ხოლმე ისეთი რამ, რაც გვაფხიზლებს და გვაიძულებს მიმოვიხედოთ. მაგალითად მშობლები იყრებიან. ქალიშვილს იტაცებენ ქუჩიდან. ნათესავებს სიმსივნე გამოაჩნდებათ. თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ მცირე ხნით გვაფხიზლებს, შემდეგ კი მალევე ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ასე გრძელდება მანამდე სანამ სხვა ტრაგედია მოხდება, მოხდება შეუსაბამობა. და უკვე ვიწყებთ ფიქრს, რომ რაღაც არ არის სწორი. რაღაც მართლაც არ მიდის ისე, როგორც საჭიროა. ეჰა, ჩემო თავო, მე არ მეგონა, რომ ცხოვრება ასეთი გეზით განვითარდებოდა!

ასე, რომ რატომ ხდება ცუდი ამბები? რატომ არ არის ეს მსოფლიო უკეთესი ადგილი?

პასუხს ამ კითხვაზე ბიბლიაში ვპოულობთ. მაგრამ ეს ისეთი პასუხია, რომლის მოსმენაც ადამიანების უმეტესობას არ მოსწონს: ანუ ეს ისეთი მსოფლიოა და ისეთი გზით მიდის, როგორიც ჩვენ, ადამიანებმა მოვითხოვეთ.

უცნაურად ისმის არა?

რას ან ვის შეუძლია შეცვალოს ეს მსოფლიო? რას ან ვის შეუძლია იმისი გარანტია მოგვცეს, რომ ცხოვრება არ იქნება ტკივილიანი ყველასათვის, ყოველ დროს?

ღმერთს შეუძლია. ღმერთს შეუძლია მიაღწიოს ამას. მაგრამ ის ამას არ აკეთებს. ყოველ შემთხვევაში ახლა. ამის გამო ჩვენ ძალიან ვბრაზობთ მასზე. ვამბობთ, “ღმერთს არ შეუძლია ყოვლისშემძლე და კაცთმოყვარე იყოს. ის რომ ასეთი იყოს, ეს მსოფლიო სხვანაირი იქნებოდა!”

ჩვენ ვამბობთ და იმედი გვაქვს, რომ შემდეგში ღმერთი შეცვლის თავის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. თითქოსდა იმისი იმედი გვაქვს, რომ თუ მას დავადანაშაულებთ ამ ყველაფერში, ის შეცვლის საგნებისა და მოვლენების მდინარებას.

თუმცა ისე ჩანს, რომ ის აინუნშიც არ აგდებს ჩვენს მოლოდინებს. რატომ?

ღმერთი არაფერს აკეთებს – ის არ ცვლის საგნებისა და მოვლენების არსებულ მდინარებას ახლა – და ეს ხდება იმიტომ, რომ ის გვაძლევს იმას, რასაც თავად ჩვენ ვითხოვთ: მსოფლიოს, რომელშიც ღმერთის ადგილი არ არის. ის აქ არ არის საჭირო.

გახსოვთ ადამისა და ევას ამბავი? მათ შეჭამეს “აკრძალული ნაყოფი”. ეს ნაყოფი გახლდათ ის აზრი, რომ მათ შეეძლოთ არად ჩაეგდოთ ის სიტყვა, რომელიც ღმერთმა თქვა და მისცა მათ, და ეცხოვრათ თავისი შეხედულებისამებრ ღმერთის გვერდის ავლით. მოკლედ ადამსა და ევას იმედი ჰქონდათ, რომ ღმერთივით იქნებოდნენ, ღმერთის გარეშე. მათ დაუშვეს აზრი, რომ არსებობს რაღაც უფრო ფასეული ცხოვრებაში ვიდრე თავად ღმერთია, რაღაც უფრო ფასეული ვიდრე ღმერთთან ურთიერთობაა. და ეს მსოფლიო სისტემაც – მთელი მისი დეფექტებით – სწორედ იმ არჩევანის შედეგია, რომელიც მათ გააკეთეს.

და მათი ამბავი ყველა ჩვენთაგანის ამბავია, განა ასე არ არის? ვის არ უთქვია – ბოლოს და ბოლოს თავის გულში მაინც – ღმერთო, მგონი მე თავადვე მოვახერხებ ამას. მე მარტო მივდივარ საქმეზე; თუმცა დიდი მადლობა დახმარების შემოთავაზებისათვის.

ყველა ჩვენთაგანს უცდია ცხოვრების გავლა ღმერთის გარეშე. რატომ ვიქცევით ასე? ალბათ იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანმა გაითავისა ის აზრი, რომ არსებობს რაღაც გაცილებით ფასეული, გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ღმერთია. სხვადასხვა ადამიანებისათვის, ეს სხვადასხვა რამეებია, მაგრამ არსი იგივეა: ღმერთი არ არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ამიტომაც ჩვენი აზრის მდინარება შემდეგია: მე მარტო მოვაგვარებ ჩემს საქმეებს მის გარეშე.

რა არის ღმერთის პასუხი ამაზე?

ის უშვებს ამას. მრავალ ადამიანს გამოუცდია და უნახია ის, თავს დამტყდარი ტკივილი; ტკივილი, რომელიც მრავალთა ხვედრია; ის ღვთის საწინააღმდეგო გზით სვლას მოსდევს... მკვლელობა, სექსუალური ძალადობა, სიძუნწე, სიცრუე, ცილისწამება, მრუშობა, ადამიანების მოტაცება და ა.შ. ყოველივე ეს შესაძლებელია ახსნილ იქნეს იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც უარი უთხრეს ღმერთს ზეგავლენა მოეხდინა მათ ცხოვრებაზე. ისინი ისე მიჰყვებიან ცხოვრებას, როგორც თავად მიაჩნიათ სწორედ, შედეგი კი ის არის, რომ ისინიც და სხვებიც იტანჯებიან.

როგორ უყურებს ღმერთი ყოველივე ამას? ცხადია რომ არ უხარია. ცხადია, რომ მას სურს იყოს თანამგრძნობელი, მოიმედე იმისა, რომ შევტრიალდებით მისკენ იმისათვის, რათა მან შესძლოს ნამდვილი ცხოვრება მოგვიტანოს ჩვენ. იესომ თქვა: “მოდით ჩემთან ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.1 მაგრამ ყველას არ სურს მასთან მისვლა. იესო ამას გულისხმობდა, როდესაც თქვა: “იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.”2 და კვლავ იესო უბრუნდება მასთან ადამიანების ურთიერთობის თემას: “...მე ვარ ნათელი სოფლისა, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.”3

თუმცა საკითხი ძნელდება მაშინ, როდესაც ცხოვრება უსამართლო ჩანს? რა უნდა ვთქვათ იმ საშინელ გარემოებებზე, რომლებიც ხშირად გვხვდება ჩვენს ცხოვრებაში, და რომლებიც გამოწვეულია გარეშეებისგან უფრო მეტად ვიდრე ჩვენი საკუთარი თავისაგან? და კიდევ, როდესაც თავს მსხვერპლად ვგრძნობთ, სასარგებლოა იმისი გააზრება, რომ თავად ღმერთმა განიცადა საშინელი მოპყრობა სხვა ადამიანებისაგან. ღმერთს ყველაზე უკეთ ესმის, თუ რა განსაცდელი დაგატყდათ თავს.

არაფერი არ არსებობს ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც შესაძლოა უფრო დიდი ტკივილის მომტანი იყოს, ვიდრე ის, რაც იესომ თავის თავზე გადაიტანა ჩვენს გამო; როდესაც ის მიტოვებულ იქნა თავისი მეგობრების მიერ, როდესაც მას დასცინოდნენ ისინი, რომლებსაც მისი არ სწამდათ, როდესაც ის ნაცემი და ნაწამები იქნა ჯვარცმის წინ, შემდეგ კი ჯვარცმული სახალხოდ და კვდებოდა ნელა ანუ იგუდებოდა. მან შეგვქმნა ჩვენ და ნება მისცა ადამიანებს ასე მოქცეოდნენ მას, აღასრულა წერილი და გაგვათავისუფლა ცოდვისაგან. ამას არ გაუოცებია იესო. მან იცოდა, რომ ეს ყოველივე უნდა სწვეოდა მას, წინასწარ იცოდა ყველა დეტალი, ყველა ტკივილი, მთელი დამცირება. “იერუსალიმს რომ ადიოდა, იესომ თან გაიყოლა თორმეტნი განცალკევებით და უთხრა მათ გზაში: “აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობართ, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას. გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან, და მესამე დღეს აღდგება.”4

წარმოიდგინეთ, რომ რაღაც საშინელება უნდა დაგატყდეთ თავს. იესომ კარგად იცოდა თუ რა არის ემოციური და ფსიქოლოგიური წამება. იმ ღამეს, როდესაც უნდა დაეპატიმრებინათ, იესო განმარტოვდა სალოცავად, თუმცა თან რამოდენიმე მეგობარიც წაიყვანა. “თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა. მაშინ უთხრა მათ: “დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.” და ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო ლოცულობდა და ამბობდა: “მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ.”5 მიუხედავად იმისა, რომ იესო ენდობოდა თავის სამ მეგობარს, მათ მაინც არ ესმოდათ მისი ტკივილის სიღრმე, და როდესაც იესო დაბრუნდა ლოცვიდან მან ისინი მძინარენი ჰპოვა. იესოს ძალიან კარგად ესმის თუ რა არის ტკივილსა და მწუხარებაში მარტო დარჩენა.

აქ თითქოსდა შეჯამებაა, როგორც იოანე აღწერს ამას თავის სახარებაში: “იყო სოფელში და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმა ვერ იცნო იგი. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.”6 რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ. რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.”7

ყველასათვის ცხადია, რომ ეს წუთისოფელი ტკივილითა და მძაფრი ტანჯვითაა სავსე. ამ ტკივილებიდან გარკვეული რაოდენობა დაკავშირებულია სხვების თავკერძობასთან და სიძულვილთან. ზოგიერთი მათგანის ახსნა თითქმის შეუძლებელი ჩანს. ღმერთი დახმარებას გვთავაზობს. ღმერთი გვაძლევს იმის ცოდნას, რომ ისიც მრავალ რამეს იტანს, რომ მან კარგად იცის ჩვენი ტკივილი და საჭიროებები. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.”8 მრავალი რამის გამო შეიძლება შეშინდე, შეწუხდე, მაგრამ ღმერთს შეუძლია მოგვცეს თავისი მშვიდობა, რომელიც გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენს წინაშე მდგარი ნებისმიერი პრობლემა. ის კი ყოველივეზე დიდია, ღმერთი, შემოქმედი. ის ვინც არის არსებული. უზენაესი, რომელმაც შექმნა სამყარო “ძალითა მით ძლიერითა”.

ყოველივე მის ხელთაა და ამიტომაც ის მთლიანად გვიცნობს ჩვენ, იცის თვით ყველაზე მცირე და უმნიშვნელო დეტალებიც კი. და თუ ჩვენ მივენდობით მას მთელი ჩვენი ცხოვრებით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სიძნელეებს განვიცდიდეთ, ის შეგვინახავს უსაფრთხოდ. იესომ თქვა, “ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს.”9 მან გაიარა ჩვენი საბოლოო საფრთხე – სიკვდილი – და დასძლია ის. მას შეუძლია დაგვაძლევინოს ჩვენი ცხოვრების ძნელი გარემოებები და შემდეგ შეგვიყვანოს საუკუნო სიცოცხლეში, თუ კი ბოლომდე მისი ერთგულები ვიქნებით.

ჩვენ ეს ცხოვრება შეიძლება ღმერთთან ერთად, შეიძლება მის გარეშე გავიაროთ. იესო ლოცულობდა, “მამაო მართალო, სოფელმა არ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ მომავლინე. მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო.”10

იმისათვის, რომ იპოვოთ თუ როგორ უნდა დაიწყოთ ურთიერთობა ღმერთთან, იხილეთ სტატია: იცნობდეთ ღმერთს პირადად.

(1) მათე 11:28
(2) მათე 23:37
(3) იოანე 8:12
(4) მათე 20:17-19
(5) მათე 26:37-39
(6) იოანე 1:10-12
(7) იოანე 3:17,16
(8) იოანე 14:27
(9) იოანე 16:33
(10) იოანე 17:25,26


ყველა ჩვენგანის ისტორია

“ჩვენ ყველანი ცხვრებივით გზას ავცდით, და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა.” (ბიბლია, ესაია 53:6)

“არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს.” (ბიბლია, რომაელთა 3:11)

დაუბრუნდით სტატიას

როგორ დავიწყოთ ურთიერთობა იესოსთან

გაქვთ შეკითხვა?

გადააგზავნე ეს გვერდი